ხუთშაბათი, 2024-05-02, 02:11
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » სტატიები » ძაღლის წვრთნა

კავკასიური ნაგაზის საყარაულო მომზადების აუცილებლობის შესახებ
ზიგმუნდ ფროიდი მიიჩნევდა, რომ ცოცხალ არსებათა ყველა საქციელი, ამა თუ იმ ხარისხით, ნაკარნახევია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისით – ეროსით, სიცოცხლის ინსტიქტით და თანატოსით – თანდაყოლილი სწრაფვით სიკვდილისა და განადგურებისკენ.

ეროსსა და თანატოსს შორის შეურიგებლობის ფაქტორს ადგილი აქვს მთელი სიცოცხლის მანძილზე. ეთოლოგთა აზრით, ბუნებრივი მექანიზმი, რომელიც წყვეტს ამ ორი შეურიგებელი საწყისის დაპირისპირების პრობლემას, არის “გარეთ” გამოვლენილი აგრესია. სწორედ აგრესია გადაამისამართებს თანატოსის ენერგიას “მე”-დან სხვა ცოცხალი არსებებისკენ.

თქვენ ასეთ ბუნებრივ გადაწყვეტას მეგაპოლისის პირობებისთვის “არაბრძნულად” და არარაციონალურად ჩათვლით. შეიძლება მართალი ხართ, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტი არაა, რა არის ჰუმანური ბუნებაში და რა არა. ამ ფაქტს უბრალოდ ანგარიში უნდა გავუწიოთ.

თუ აგრესიის გამოთავისუფლების მექანიზმი გადაიკეტა, ენერგია მიმართული იქნება სუბიექტის შიგნით, რაც მას მიიყვანს თვითგანადგურებამდე.

ეთოლოგიის მამა კონრად ლოურენსი ამტკიცებს, რომ აგრესიის სათავეები გადარჩენისათვის ბრძოლის თანდაყოლილ ინსტიქტშია, რაც სრულ თანხმობაშია ზ. ფროიდის თეორიასთან. ეს ნიშნავს, რომ აგრესიის ფაქტორი არის არა მხოლოდ გარდუვალი, არამედ თანდაყოლილიც. სწორედ ასეთი არცთუ ოპტიმისტური დასკვნები კეთდება წამყვანი ეთოლოგებისა და ფსიქოლოგებისგან.

ზემოთნათქვამი უშუალოდ დაკავშირებულია ძაღლის აგრესიის გამოვლენასთან დაკავშირებული ქცევის პროგნოზირებადობასთან. ლოურენსის”აგრესიის დაგროვების” კანონის მიხედვით, რაც უფრო მეტი დრო გავიდა ”აგრესიის გამოფრქვევის” უკანასკნელი მომენტიდან, მით ნაკლები მაპროვოცირებელი ფაქტორია საჭირო მისი გამეორებისთვის. თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე მეგაპოლისის ცხოვრების სტრესულ და მოულოდნელობებით აღსავსე ხასიათს, მარტივია წარმოვიდგინოთ რაოდენ ფეთქებადსაშიშია “დივანის” ძაღლი.

ხვადი –ნაგაზი, რომელიც ყოველდღიურად ორჯერ 15 წუთი სეირნობს, ხოლო დანარჩენი დრო სახლში წევს, და ყველაფერი ეს სწორი და უხვი კვების ფონზე. შედეგად, ზედმეტი ენერგია მოქმედებს თვით ძაღლის წინააღმდეგ და უმცირესი ბიძგი საკმარისია, რათა მოხდეს გრანდიოზული აფეთქება. ამასთან, ძაღლის ფსიქიკაში არავითარი გადახრები არ არის! კონფლიქტის შემთხვევები პატრონებს, ოჯახის წევრებს - ხროვას და ასეთ მდგომარეობაში მყოფ ძაღლებს შორის კარგად ნაცნობია.

გამოსავალი ამ თითქოს ჩაკეტილი წრიდან არსებობს და გულისხმობს ზედმეტი ენერგიის მიზანმიმართულ მოხსნას, ექსპრესიულ მოქმედებებს, რასაც არ ახლავს განადგურება. სწორედ საყარაულო წვრთნა არის გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან, რადგან ყარაულობასა და დაცვაში მუშაობა აძლევს ძაღლს რეალიზების, ზედმეტი ენერგიისგან გათავისუფლების საშუალებას.

წვრთნის პროცესში ჩადებული სტერეოტიპი ორიენტირებულია დაგროვებული აგრესიის ხანმოკლე და მიმართულ გამოფრქვევაზე.

ამრიგად, საყარაულო წვრთნის აუცილებლობის პირველი და ძირითადი მიზეზი არის ნაგაზის თანდაყოლილი აგრესიის უსაფრთხო გამოთავისუფლების პრობლემის მოგვარების საჭიროება.

მეორე მიზეზი არის კავკასიური ნაგაზის პატრონის პასუხისმგებლობა ჯიშის მდგომარეობის, მისი ხარისხის შენარჩუნების წინაშე! წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუ თითოეული პატრონი თავის თარგზე მოჭრის ჯიშის სტანდარტს! 10 – 15 წელიწადში ჯიში გადაშენდება. ამიტომ, ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებების მხარდაჭერა კარგი პატრონის პირდაპირი მოვალეობაა.

კავკასიური ნაგაზის საყარაულო წვრთნის აუცილებლობის მესამე მიზეზი თვით მათ ბუნებაშია, მათ არსში და დანიშნულებაში. დაცვითი დანიშნულების შესაბამისი “მუშაობა” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კავკასიური ნაგაზისთვის. ქალაქური ბინის პირობებშიც კი ძაღლი ცდილობს შეასრულოს თავისი მოვალეობები – დაიცვას ტერიტორია და ოჯახის წევრები – ხროვა. თვითრეალიზაციის შესაძლებლობის არქონას, “პრესს” პატრონს მხრიდან მივყავართ დრამატულ შედეგებამდე. შედეგად - დეპრესია, ფსიქოზი, ხანდახან ღია კონფლიქტები გაუთვალისწინებელი შედეგებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ შესაბამისი საყარაულო მომზადების გარეშე ნაგაზი განწირულია მუტაციისთვის, ხოლო თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები და გარშემომყოფნი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშე დგებით.

კატეგორია: ძაღლის წვრთნა | დაამატა: k-shengelia (2010-05-23)
ნანახია: 2191 | ტეგები: ეთოლოგია, მომზადება, ნაგაზი, ყარაული | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]