ხუთშაბათი, 2024-05-02, 02:18
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » სტატიები » ძაღლის წვრთნა

მორჩილების ჩვევის გამომუშავება კავკასიურ ნაგაზებში
მრავალი პროფესიონალი იმ აზრისკენ იხრება, რომ წვრთნის სრული კურსი გამოუსადეგარია მწყემსის ძაღლის ჯიშებში, რომელთაც კავკასიური ნაგაზიც განეკუთვნება. მისი წვრთნისას უნდა ავირჩიოთ გონივრული ან "შუალედური" გზა, რომელიც მორჩილებას ცოტა შეზღუდულ მოთხოვნებს უყენებს. ეს მოთხოვნები კარგად უნდა შეითვისოთ, სანამ კავკასიურ ნაგაზს შეიძენდეთ.

კავკასიური ნაგაზისთვის საკმარისზე მეტია ყოფით პირობებში მორჩილების უნარის ათვისება. ლეკვობიდან კავკასიურ ნაგაზს აჩვევენ საყელურს და ღვედს. თუ ლეკვობის პირველ 5-6 თვეს ამ საქმისთვის არ გამოიყენებთ, შემდგომში კოლოსალურ პრობლემებს წააწყდებით უკვე სრულიად დამოუკიდებელი და ჯიუტი არსებისგან.

საყელურსა და ღვედთან შეგუება უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორც ერთ-ერთი პირველი უნარისა, რომელსაც ეუფლება თქვენი აღსაზრდელი. თქვენი ამოცანაა აქსესუარების მორგება ლოგიკურად დაუკავშირდეს სასეირნოდ წასვლას. თუ კავკასიურმა ნაგაზმა შეითვისა, რომ საყელური და ღვედი ნიშნავს სეირნობას და ამასთან დაკავშირებულ სიამოვნებას, - თქვენი მიზანი მიღწეულია!

უფრო ძნელია შეაჩვიოთ ძაღლი სადრუნჩეს (намордник), რომელიც კავკასიურის აზრით ზღუდავს თავისუფლებას და ეწინააღმდეგება მის არსს. აქ პატარა ეშმაკობა დაგვეხმარება. ძაღლის სტიმულირებისთვის სადრუნჩეში შეგიძლიათ ჩადოთ ცოტაოდენი სასუსნავი. ასე შეძლებთ განამტკიცოთ დადებითი ემოციები სადრუნჩის მიმართ. მომავალში საკმარისი იქნება მიუშვიროთ სადრუნჩე - ძაღლი თვითონ ჩარგავს მასში ცხვირს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია 5-6 თვის ასაკამდე მიაჩვიოთ ძაღლი ჭამისას მოითმინოს ნებისმიერი შეხება თქვენგან. კავკასიური ნაგაზის საკვებით მანიპულირება არის იმის ნიშანი, რომ ძაღლი გენდობათ და სჯერა, რომ სამართლიანად მოეპყრობით.

იმისათვის, რომ ეს უნარი მტკიცედ დავამკვიდროთ კავკასიურის ცნობიერებაში, აუცილებელია ჩავატაროთ ასეთი აღმზრდელობითი პროცედურა: მას მერე, რაც ლეკვი მიიღებს ჯამ საკვებს (ამ შემთხვევისთვის უმჯობესია მშრალი საკვები), ჩაყავით მასში ხელი და ხელიდან შესთავაზეთ ლეკვს საკვები. მეორე ხელით იმავდროულად ეფერეთ ძაღლს. თუ ლეკვმა გამოამჟღავნა მოუთმენლობა ან უკმაყოფილება რაიმე ფორმით, დაუყონებლივ აღკვეთეთ ეს მკვეთრი ძახილით, ხოლო თუ ამან არ გაჭრა - კარგად უთავაზეთ. ამის შემდეგ 30 წამის განმავლობაში არ მიუშვათ ძაღლი ჯამამდე, და შემდეგ გაიმეორეთ აღწერილი პუნქტები თავიდან.

ლეკვობის ასაკიდანვე გადააჩვიეთ თქვენი ძაღლი საჭმლის მიწიდან აღებას. კავკასიური ნაგაზის პოზიციიდან მიწაზე ნაპოვნი საკვები - სხვა არაფერია თუ არა ნადავლი, რაზეც მას სრული უფლება აქვს. ასეთი საკვების ფასი ძაღლისთვის განსაკუთრებულია - ეს აბრუნებს მას თავის საწყისებთან, ბუნებასთან. ამ ფონზე როგორ ავუხნსათ ძაღლს, რომ ათასწლეულების განმავლობაში მისი ჩვევები მცდარი იყო.

მიწიდან საკვების აღება ნაწილობრივ ძაღლის "მწყემსური" ცხოვრებითაც იყო განპირობებული, ჯამის ტარება ხომ სრულიად უადგილოა ცხვრის ფარის მწყემსვის დროს.

თქვენ - ძაღლი - საკვები ამ სამკუთხედთან დაკავშირებულ წვრთნასთან ერთად შეასწავლეთ ბრძანებები "ტაბუ!", "ადგილზე!", "არ შეიძლება!".

კავკასიური ნაგაზის მორჩილებასა და შეძენილ უნარებზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ მათ შორის სამი უმთავრესი: მოირბინოს ბრძანების შესაბამისად, იმოძრაოს მხარდამხარ და მყისიერად შეწყვიტოს მოძრაობა ბრძანებაზე "სდექ!".

აღნიშნული სამი უნარის დასწავლის პროცესში უმთავრესია პატრონის უნარი - იმუშაოს ღვედით და ზემოქმედება მოახდინოს ძაღლზე ინტონაციით. მკვეთრი მოქაჩვა ღვედით და ამა თუ იმ მოთხოვნისთვის დამახასიათებელი ინტონაცია ნიშნავს მოთხოვნას (არა დასჯას!!!). თქვენი მოთხოვნის წარმატებით შესრულება აუცილებლად უნდა დაგვირგვინდეს წახალისებით.

მწვრთნელების ყველაზე უფრო გავრცელებული შეცდომები: პრეტენზია, შასრულოს ბრძანება "გვერდში!"("Рядом!") და "იჯექ!" ("Сидеть!"), რაც შეიძლება ჩქარა. ძაღლი ამას შეიძლება აუჩქარებლად ასრულებდეს. ამ ბოლო ბრძანებას კავკასიური ნაგაზი შეიძლება საერთოდ არ დაემორჩილოს. ხოლო სეირნობისას ბრძანების "გვერდში!" ზედმეტად ხშირად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება საერთოდ აზრი დაუკარგოს წვრთნას.

დაბოლოს, კიდევ ერთი შეცდომის შესახებ. ბრძანების "ჩემთან!" შესრულების შემდეგ ძაღლს უკეთებთ ღვედს და მაშინვე მიგყავთ შინ. შედეგად - ძაღლის ფსიქიკაში განმტკიცდება ასოციაციური კავშირი ბრძანება "ჩემთან!"-სა და სეირნობის დამთავრებას შორის. რის გამოც ბრძანებას "ჩემთან!" უხალისოდ შეასრულებს. ეს რომ არ მოხდეს, ღვედზე ჩაბმიდან კიდევ 5 წუთი ასეირნეთ ძაღლი და მხოლოდ შემდეგ გაემართეთ შინისკენ. ამ შემთხვევაში არასასურველი ასოციაცია აღარ წარმოიქმნება.

კატეგორია: ძაღლის წვრთნა | დაამატა: k-shengelia (2010-01-30) W
ნანახია: 1958 | ტეგები: სადრუნჩე, ღვედი, მანიპულირება, კვების წესები, კვება, სეირნობა, მორჩილება | რეიტინგი: 1.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]